არადეკლარირებული ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა
საქართველოს საბაჟო საზღვარზე, "სადახლო"-ს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ამხილეს.
პირს, სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი.
საბაჟოზე წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სხვადასხვა სახის ხილის ტრანზიტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ხილის გარდა, სატვირთო მანქანით არადეკლარირებული ტვირთი - 10 339 კგ ცოცხალი კიბორჩხალა და 1 110 კგ შებოლილი თევზი გადაჰქონდა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება 35 310 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.