იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ბორჯომშიც მინიმალურ დროშია შესაძლებელი.
ბორჯომის იუსტიციის სახლი 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ორნამენტმა“ განახორციელა.
იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ბორჯომში დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბორჯომის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეხუთე ფილიალია. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 3 ქალაქში – ონში, ახალქალაქსა და ლაგოდეხში.
ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება 19:00 საათიდან დაიწყო. გაიმართა კონცერტი თბილისის „ბიგ-ბენდისა“ და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე,მოეწყო სპეციალური ღონისძიებები ბავშვებისთვის. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
|