ხე-ტყის უკანონო მოპოვების 420 შემთხვევა ერთ თვეში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 138 ფაქტი გამოვლინდა კახეთში. მეორე ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი 62 შემთხვევით.
აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 44, გურიაში -13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში- 19, შიდა ქართლში -35, ხოლო ქვემო ქართლის მასშტაბით - 49 ფაქტი,
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781 კუბური მეტრი ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.