ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო.
სოფიო შევჩენკო იგივე ან ტილფას პოზიციაზე დანიშვნას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები განიხილეს. მოსამართლე გია ბერაიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა, რაზეც ორივე მათგანმა უარი განაცხადა.
პოზიციაზე, რომელიც სოფიო შევჩენკოს ეკავა, მერიამ კონკურსი გამოაცხადა და ახალი თანამშრომელი, მარინე პარუნაშვილი შეარჩია. მისი საქმეში ჩართვა მოსამართლემ მესამე პირად გადაწყვიტა. სხდომა 22 მარტამდე გადაიდო.
სოფიო შევჩენკო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 2 წელიწადნახევარი მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ შეირჩა.
სოფიო შევჩენკოს პოზიციის დატოვება 2017 წლის 14 ნოემბერს მოუწია. ახალციხის მერიამ მიზეზად ის დაუსახელა, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, ერთი და იგივე მოთხოვნით, უკვე მესამე თანამშრომელი უჩივის.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლები, თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი, სამსახურში
აღადგინა.