ახალციხის ციხიდან შვიდი თანამშრომელი რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს
რეორგანიზაციის გამო, "ახალციხის ციხიდან" შვიდი თანამშრომელი გაათავისუფლეს.
დირექტორი განმარტავს, რომ გამართული და ეფექტური მუშაობისთვის სტრუქტურული ცვლილებები იყო საჭირო. დავით ტაბატაძის თქმით, არსებობდა რამდენიმე მსგავსი სამსახური, რომელიც გაერთიანდა.
გაუქმდა საქმეთა მმართველის, იურისტის, წყალმომარაგების სპეციალისტის, სანტექნიკოსის, ციტადელის მეთვალყურის ორი პოზიცია, ასევე გამწვანების სამსახურში ორი შტატი.
იმის გამო, რომ იურისტმა სამსახური რამდენიმე თვის წინ დატოვა, ადმინისტრაციას მხოლოდ შვიდი თანამშრომლის გათავისუფლება მოუწია.
"მაგალითად, გამწვანების სამსახურში ოთხი ადამიანიდან სამი უფრო აქტიური მუშა იყო, შრომისუნარიანობიდან გამომდინარე. ამიტომ მეოთხე გავათავისუფლეთ. მასთან ერთად ერთ ახალგაზრდას მოუწია წასვლა, ის გავუშვით, რომელსაც საყვედური ჰქონდა მიცემული", - ამბობს "ახალციხის ციხის" დირექტორი დავით ტაბატაძე.
რეორგანიზაციის შემდეგ, კომპლექსში 74 თანამშრომელი მუშაობს.
გათავისუფლებულები კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ შესაძლოა სამართლებრივი დავა დაიწყონ. ციხის დირექტორი კი ირწმუნება, რომ რეორგანიზაცია სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული. სტრუქტურული ცვლილებები რომ იგეგმებოდა, თანამშრომლები ამის შესახებ 2018 წლის დეკემბერში გააფრთხილეს.