საზოგადოება
ხე-ტყე უკანონოდ ყველაზე ბევრჯერ სამცხე-ჯავახეთში მოიჭრა
მაისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე ხშირი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 23 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 19 ფაქტი, იმერეთში - 16, გურიაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 15, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლის მასშტაბით - 13, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი, 18 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9,746.21 მ3 ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი და ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 56). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
გააზიარეთ :