ბაკურიანში შემოვლითი გზა გაკეთდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ექვს მილიონ ლარს სცდება.
მათივე ინფორმაციით, უკვე დასრულდა სამკილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი სამ კილომეტრამდე გზისა და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები, შემოვლით გზასთან მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ურბანული განახლებისა და რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.
ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.