ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის რვა მომღერალს ჰონორარის სახით, 14 700 ლარი გადაუხადა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცალკე თანხა დაიხარჯა სტუმრების კვებაზე. (ორჯერ გამართული სადილი სულ 1 615.3 ლარი).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებების მიხედვით, „ორ ჯუჯას“ 3 800 ლარი გადაუხადეს. (ვახტანგ ტატიშვილი 1 900, ნუგზარ კვაშალი 1 900 ლარი).
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მოწვეულ სამ მომღერალს კი 3 400 ლარი გადაუნაწილდათ. კრისტინა ავსარქისოვი 900 ლარი, მარიამ ნანობაშვილი 1 000, ნინო გველესიანი 1 500 ლარი.
ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ კონცერტი ადგილობრივ ბიუჯეტს 7 500 ლარი დაუჯდა. რევაზ ბლიაძე 2 500, ლაზარე ადამია 2 500, ლევან ხოტივარი 2 500 ლარი.
ამის გარდა, ცალკე თანხა - 62 580 ლარი გამოიყო საახალწლო მორთულობაზე, კონცერტის ორგანიზებასა და ტკბილეულზე. (ღონისძიებების ორგანიზება - 24 812.57, ნაძვის ხის მოსართავები - 11 899.99, საახალწლო განათებები - 10 896.71, ტკბილეული 12 973 ლარი).