21 წლის ხატია პარუნაშვილი, რომელსაც გასულ წელს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, თავს კარგად გრძნობს. მას ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ხატიას ორგანიზმმა მისი დის უჯრედები მარტივად მიიღო და ახლა შეგუების პროცესს გადის.
ხატია საქართველოში დაახლოებით, ერთ თვეში დაბრუნდება. მანამდე ყოველ კვირა კლინიკაში მიდის, სადაც ანალიზებს აბარებს, ექიმები მის მდგომარეობას აკვირდებიან.
"ახლა ვიწყებთ რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც საკმაოდ რთულია, მაგრამ მთავარი სირთულე გადავლახეთ. ექვსი წელი უნდა იაროს კონტროლზე კლინიკაში", - გვიყვება ხატიას და, მარიამ პარუნაშვილი.
ხატია პრუნაშვილმა ძვირადღირებული მკურნალობის ჩატარება საზოგადოების დახმარებით შეძლო. ქიმიოთერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საჭირო 200 000 აშშ. დოლარი რეგიონსა და თბილისში, საქველმოქმედო აქციებიდან და ღონისძიებებიდან შეგროვდა. 21 წლის გოგოს გადასარჩენად, რიგითი ადამიანები გაერთიანდნენ.
"მადლობას ვუხდი ახალციხეს, ადიგენს, ჩვენს სოფელ უდეს, მთელ რეგიონს, საქველმოქმედო ფონდებს, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებას, აქციის თითოეულ მონაწილეს და ორგანიზატორს. ყველას, ვინც თუნდაც მცირედი გაიღო ხატიასთვის და ეს მადლიბა მხოლოდ თანხისთვის არ არის, არამედ თბილი სიტყვებისთვის, გულშემატკივრობისთვის, ასეთი ერთიანობისთვის. მათი დამსახურებაა ხატია დღეს რომ კარგად არის, ჩვენ ერთად დავამარცხეთ ლეიკემია", - ამბობს მარიამი.
როგორ შეგროვდა მკურნალობის თანხა, ნახეთ აქ:
ხატია პარუნაშვილისთვის ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა;
„ერთად ხატიასთვის“ - ბანერების აქცია ახალციხეში;
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ხატია პარუნაშვილის მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთო.