საზოგადოება
საქართველოს ავიაციაში 100 ქალია
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს. მათ შორის, არიან: ხუთი ქალი პილოტი, ცხრა ქალი ავიამეთვალყურე და 86 ქალი ბორტგამყოლი. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის ცხრა ქალია.
სააგენტოს ცნობით, ქალი ავიასპეციალისტების რიცხვი საქართველოში მზარდია. შარშან ამ დროს, ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობდა, აქედან სამი პილოტი და 69 ბორტგამყოლი, ხოლო 2018 წელს 62 (აქედან ერთი პილოტი, 51 ბორტგამყოლი).
გარდა აღნიშნული სპეციალობებისა/პოზიციებისა, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე.
თუმცა, ისეთ ტექნიკურ დარგში, როგორიც ავიაციაა ქალების საერთო რაოდენობა, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში კვლავ ძალიან მცირეა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ქალი პილოტების წილობრივი რაოდენობა მფრინავების საერთო რაოდენობის დაახლოებით ხუთი პროცენტია. კიდევ უფრო ნაკლებია საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობა.
ყველაზე მეტი ქალი კი ბორტგამყოლად მუშაობს (დაახლოებით 79 პროცენტი). ICAO-ს პროგნოზებით, 2034 წლისთვის მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ავიასპეციალისტების დეფიციტურობის გათვალისწინებით, ICAO მოუწოდებს ქვეყნებს და საავიაციო ინდუსტრიას, ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის განმტკიცებას, ქალთა თანასწორუფლებიან ჩართულობას და შესაძლებლობების რეალიზაციას საავიაციო სექტორში.
1tv.ge - ის ცნობით, ორგანიზაცია საავიაციო სასწავლო დაწესებულებებს, ავიასაწარმოებსა და საავიაციო ხელისუფლებებს ასევე მოუწოდებს, აწარმოონ შემეცნების ასამაღლებელი კამპანიები ქალებში ავიაციისა და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე, მათემატიკა) განათლების პოპულარიზაციის მიზნით.
გააზიარეთ :