ახალციხელი ახალგაზრდები კარანტინის გამო დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად გაერთიანდნენ
რამდენიმე დღეა ახალციხელი ახალგაზრდები გაჭირვებულებისთვის სურსათს აგროვებენ. 13-მა მოხალისემ ერთმანეთი ფეისბუკში იპოვა და კარანტინის გამო დაზარალებული მოქალაქეების დახმარების იდეის გარშემო გაერთიანდა.
„ახალციხელების ჯგუფში დავწერე, თუ იყო მოხალისეების ჯგუფი ან თუ აპირებდა ვინმე შეკრებას. აღნოჩნდა, რომ არ იყო ახალციხეში ასეთი და იქვე შევიკრიბეთ ახალგაზრდები, რომლებსაც გვინდოდა რამე გაგვეკეთებინა ამ მდგომარეობაში. წითელი ჯვრის ტრენინგებს გავდიდართ უსაფრთხოებაზე. ფორმები და ეკიპირებაც მოგვცა ორგანიზაციამ.“, - გვიყვება ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ბლიაძე.
ახალგაზრდებმა ქალაქის 14 მაღაზიაში წითელი ჯვრის კუთხე მოაწყვეს, სადაც მომხმარებელს ნებისმიერი პროდუქტის თუ ნივთის დატოვება შეუძლია. დღის ბოლოს მოხალისეები სურსათს აგროვებენ.
„ყველა იმ ობიექტზე ვიყავით, რომელსაც მეტი მომხმარებელი ჰყავს. უმეტესობამ გვითხრა თანხმობა, ძალიან ბევრი მენეჯერი თუ მეპატრონე თვითონ დაგვრხმარა, კალათში პირველი პროდუქტი თავად ჩადეს. ყოველ დღე ვახდენთ პროდუქციის ამოღებას მერიის თანამშრომელთან ერთად. მიღება-ჩაბარების აქტით გადავცემთ მერიას, მათაც აქვთ პროდუქტი და ერთიანად ეხმარებიან შეიჭირვებულებს. პირველ დღეებში იყო ბავშვებისთვის შოკოლადები, იოგურტები, შემდეგ ვთხოვეთ, რომ არამალფუჭებადი პროდუქტები დაეტოვებინათ“.
ახალგაზრდებს, წითელი ჯვრის კუთხეების მოსაწყობად, სამი დღე დასჭირდათ. კალათები ქალაქის დიდ სუპერმარკეტებშიც დგას და მცირე ზომის მაღაზიებშიც. შეგროვებულ სურსათს სოციალურად დაუცველები და მარტოხელა მოხუცებულები მიიღებენ, რომლებსაც კარანტინის დროს განსაკუთრებით გაუჭირდათ.
საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულნი არიან: თამუნა ცხოვრებაშვილი, ლანა ქიმაძე, ნინელი ბიწაძე, მერი გოგოლაძე, თიკა ხარჩილავა, ნათია კუპრაძე, ნელი გელაძე, ნატო ქიზიყელაშვილი, გურამ ბლიაძე, მამუკა ცეცხლაძე, გიორგი ბლიაძე, აშოტ ხაჩატურიანი და ლუკა მაზმიშვილი.