ძიძები, მძღოლები, დამლაგებლები ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებენ
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, რომლებმაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამუშაო დაკარგეს, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ.
„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ასეთი ადამიანები არიან ძიძები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე მძღოლები, დამლაგებლები და ა.შ. „იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული“, – თქვა ბარკალაიამ.
„იმ შემთხვევაში, თუ [მოქალაქე] მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თვითდასაქმებულების რეგისტრაცია, მთავრობისგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 21 მაისიდან დაიწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება.
ამ მიზნით მზადდება სპეციალური საიტი, სადაც მოქალაქეებს თავიანთი მონაცემების ატვირთვა შეეძლებათ.