საზოგადოება
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი გავიდა
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სამამულო ომში გამარჯვების დღე, ახალციხეში ტრადიციულად, მემორიალთან ვერ აღინიშნა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ხუთი ვეტერანი ცხოვრობს. მერიის გადაწყვეტილებით, თითოეულს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ლარი ჩაერიცხება. ასევე გადაეცემათ სასურსათო პაკეტი. ამის გარდა, მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
გააზიარეთ :