6 კვ/მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი - რეკომენდაციები აუზების გასახსნელად
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა.
აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ღია და დახურული ტიპის აუზის ყოველ 6 კვ/მეტრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის ყოფნა. ამასთან, რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზების ძირითადი სათავსები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა; დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე.
ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას.
წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის აუზები:
რეცირკულაციური ტიპის აუზები;
გამდინარე ტიპის აუზები;
წყლის პერიოდული ცვლის აუზები;
ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით;
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აუზებში მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებს; აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება; რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 5%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 24 სთ-ში;
დოკუმენტის მიხედვით, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ.
რაც შეეხება შეზლონგებს, რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია მისი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. აკრძალულია შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. შეზლონგებს შორის უსაფრთხო დისტანცია კი უნდა იყოს 2 მეტრი. გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე.