ხელისუფლებამ ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად თანხა ვერ მოიძია, დაკბენილი მოქალაქეების რაოდენობა კი იზრდება
19:21 / 16.07.2020
ახალციხეში, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაანონსდა, ჯერ არ დაწყებულა. ხელისუფლებას არც იმაზე აქვს პასუხი, როდის განხორციელდება დაპირებული პროექტი. არადა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ცხოველების მიერ, ადამიანის დაკბენის შემთხვევების რაოდენობა იზრდება.
ახალციხეში, უსახლკარო ცხოველებს შეხვდებით ყველგან - ქალაქის ცენტრალურ პარკში, ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. მიუსაფარი ძაღლების მიერ, ერთ დღეში დაკბენილი ათამდე ბავშვი, ახალციხელებისთვის უცხო არ არის. ყოველი ახალი შემთხვევის შემდეგ, საზოგადოება ხელისუფლებას ორი წლის წინ, თავშესაფრის მშენებლობაზე გაცემულ დაპირებას ახსენებს.
ადგილობრივების თქმით, ცხოველები ხშირად აგრესიულები არიან. მოქალაქეებს კი ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილება სურთ.
„დილით სამსახურში რომ მივდივარ, პარკთან გავლა მეშინია. ერთმა ძაღლმა რომ ატეხოს ყეფა, ხროვა მოდის. იმდენი ძაღლია, ჯოხით დავდივარ. ერთხელ ორი ძაღლი მომეპარა და მიკბინა”, - ჩივის გიორგი მესხი.
ნათია ბაღდოშვილის შვილი მიუსაფარმა ძაღლმა ხალხმრავალ ადგილზე, ცხრა აპრილის ქუჩაზე დაკბინა. რვა წლის მოზარდი სკვერში თამაშობდა, რა დროსაც უსახლკარო ცხოველმა ფეხზე უკბინა. მასთან ერთად დაკბინა კიდევ რვა ბავშვი. მშობლები ხელისუფლებას პრობლემის დროულ მოგვარებას სთხოვენ.
ცხოველთა თავშესაფრის პროექტი „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეადგინა და ახალციხის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. მისი პრეზენტაცია 2018 წლის მაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება ამბობდა, რომ მშენებლობა 2019 წელსვე დაიწყებოდა და მუნიციპალიტეტს 100-ვოლიერიანი თავშესაფარი ექნებოდა. მოგვიანებით მერიაში პოზიცია შეცვალეს და გადაწყვიტეს, სოფელ ფარეხასთან არსებულ შენობას რეაბილიტაცია ჩატარებოდა, ვოლიერების რაოდენობა კი 300-მდე გაეზარდათ, რამაც ხარჯები გაზარდა. რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ნაჩუქარი პროექტი გვერდზე გადადო და ახალი პროექტი, 52 ათას ლარად შეისყიდა.
ეს პროექტიც ერთი წელია მზადაა, მას შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი დონორის მოძიებას ცდილობს, რომელიც 3 მლნ 600 ათას ლარს რეგიონული თავშესაფრის მოწყობაში გადაიხდის. მსურველი ჯერ არ გამოჩენილა.
სანამ თავშესაფარი აშენდება, ახალციხის მერია ცდილობს უსახლკარო ცხოველების პრობლემა დროებითი ღონისძიებებით გადაჭრას. თვითმმართველობამ ხელშეკრულება "გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოსთან“ გააფორმა, რომელსაც ცხოველები ახალციხიდან მიჰყავს და კასტრაცია-სტერილიზაციას უტარებს. ერთი ძაღლის სტერილიზაციაში მერია 160 ლარს, კასტრაციაში კი 60 ლარს იხდის.
„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ შემუშავებული პროექტი, მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას ითვალისწინებდა, სადაც ცხოველების ვაქცინაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია ჩატარდებოდა. ამ პროცედურების შემდეგ, ცხოველს ისევ ქუჩაში დააბრუნებდნენ. ეს მსოფლიოში მიღებული, ბუნებრივი პოპულაციის მართვის ყველაზე ჰუმანური გზაა. სპეციალისტების თქმით, ამ გზით ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რაოდენობა თანდათან შემცირდებოდა.
პროექტის თანაავტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა, სადაც მთავრობის ხელმძღვანელს უხსნიდა, რატომ ჭიანურდება თავშესაფრის მშენებლობის პროცესი. ლაშა გეგეჭკორი ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმირთავს, რომ ვოლიერების რაოდენობა ისევ 100-მდე შემცირდეს, რაც საშუალებას მისცემს, პროექტი მინიმალურ ხარჯებში განხოპრციელდეს.
ცხოველების მიერ დაკბენილი მოქალაქეებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია, თავს იყრის ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. სამსახურის მონაცემების მიხედვით, შემთხვევბის რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 2020 წლის ექვს თვეში, ანტირაბიული მკურნალობა 253 პირს დასჭირდა. გასულ წელს ეს ციფრი 263 შეადგენდა, 2018 წელს კი ცხოველის მიერ, ადამიანის დაკბენის 231 შემთხვევაა აღრიცხული.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.