საზოგადოება
შეყვარებულობისას ყვავილები მოჰქონდა, ახლა მე მიმაქვს საფლავზე - თამაზ მელიქიძე, ომის გმირი კოთელიიდან
თეა ჯაფარიძე ქმრის საფლავზე, აგვისტოს ომის დღეს ისევ გავა. ამბობს, რომ ცხრა აგვისტო ზუსტად ისეთივე მძიმე და ემოციურია, როგორც რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, თამაზ მელიქიძის გარდაცვალების პირველ და მეორე წელს.
სალომე მელიქიძე ხუთი წლის იყო, როცა მისი მამა 32 წლის თამაზ მელიქიძე გარდაიცვალა. პატარა გოგო ვერ ხვდებოდა, რატომ წავიდა ომში მისი და არა სხვისი მამა. ბავშვს იმის აღქმაც გაუჭირდა, რომ მამა სახლში აღარ დაბრუნდებოდა.
„სალომე იმდენად პატარა იყო, მხოლოდ გადმოცემით და სურათებით იცის მამა. ძალიან განიცდიდა, მიცვალებული რომ სახლში გვყავდა მეჩხუბებოდა ნუ ტირიხარო, ეგ რომ მამა იყოს, ხომ დავინახავდითო. დიდხანს წერდა წერილებს და ვითომ მამას უგზავნიდა, დღემდე მაქვს შენახული ნახატები და წერილები. წერდა - მამიკო მენატრები, როდის მოხვალ, გელოდებითო. სურათთან უდებდა და მე რომ ვიღებდი სალომეს სჯეროდა, რომ ისინი მამას მიჰქონდა“, - იხსენებს თეა ჯაფარიძე, რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული თამაზ მელიქიძის ქვრივი.
„ძალიან უნდოდა, რომ მეორე შვილი ბიჭი გვყოლოდა. სალომეს ეუბნებოდა, ჩემი ბიჭი ხარო, ესეც იძახდა, მე თამაზის ბიჭი ვარო“.
სალომეს და მარიამი ახლა 21 წლისაა. როცა მამა გარდაეცვალა, რვა წლის იყო. გვეუბნება, რომ მასზე ბევრი არაფერი ახსოვს.
“იმდენად იყო თავის სამსახურზე გადართული, ერთად დროს ხშირად ვერც ვატარებდით. ის გორში მსახურობდა, ჩვენ კი სოფელში ვიყავით, ამიტომ როცა მოდიოდა, მხოლოდ ჩვენთან ერთად იყო. ”, - იხსენებს მარიამ მელიქიძე.
თამაზ მელიქიძე რუსეთ-საქართველოს ომის ერთადერთი მონაწილეა ახალქალაქიდან, რომელიც სახლში ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ის სოფელ კოთელიაში ცხოვრობდა და ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. სამხედრო კარიერის მოწყობა 2007 წელს დაიწყო. თავიდანვე გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში ირიცხებოდა. ერთი წელიც არ იყო გასული, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო.
„შვებულება ჰქონდა, ექვს აგვისტოს, საღამოს სოფელში ამოვიდა. ღამის ორ საათზე დაურეკეს, განგაშიაო. შვიდი რომ თენდებოდა ჩაალაგა ბარგი და მითხრა, ორ დღეში დავბრუნდებიო. ორ დღეში გარდაცვლილი მოიყვანეს“, - გვიყვება თამაზის ცოლი თეა ჯაფარიძე.
„მახსოვს როგორ დაგვემშვიდობა წასვლის წინ. დაგვირეკა, არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ და მალე დავბრუნდებიო. ვიცოდი, რომ ომი იყო, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია მამაჩემის დაღუპვა. სამწუხაროდ ნათლად მეტი არაფერი მახსოვს, სულ რაღაც 8 წლის ვიყავი. ვამაყობ და ვიამაყებ მამაჩემის გმირობით. მან ხომ თავი შეწირა სამშობოლს“, - ამბობს მარიამ ზედგინიძე.
რა ვითარებაში დაიღუპა თამაზ მელიქიძე - ამის შესახებ მხოლოდ გორის ჯავშანსატანკო ბაზის დაბომბვას გადარჩენილი ჯარისკაცებისგან იციან. სამხედრო ნაწილთან რუსული ბომბდამშენები პირველად რომ გამოჩნდნენ, კოთელიელი მეომარი ეზოში მხუბუქად დაიჭრა. მძიმედ დაჭრილების დასახმარებლად შენობაში შევიდა, რა დროსაც რუსულმა ავიაციამ მეორე საჰაერო იერიში მიიტანა. დაბომბვას 19 ჯარისკაცი ემსხვერპლა, მათ შორის თამაზ მელიქიძეც.
„ცხედარი ჩემმა მაზლმა ამოიცნო, ჯიბეში საბუთები ედო. მიცვალებული არ გვინახავს, დალუქული იყო. მისი სახეც რომ ვერ ვნახეთ, ეს საშინელებაა. თავი, მკლავი, ფეხი არ ჰქონდა, კასეტურმა ბომბმა სხეული დაუნაწევრა. ჩვენთვის ესეც ბედნიერებაა, რომ საფლავი გვაქვს. მამამისმა წელიწადიც ვერ გაუძლო, ცხედარი რომ მოასვენეს გულის ინფარქტი მიიღო, ცხრა თვე ძლივს ვაცოცხლეთ წამლებით. თამაზის წლისთავი და მამამისის ორმოცი ერთად გადავიხადეთ“, - გვიყვება თეა.
თამაზის გარდაცვალების შემდეგ, ფორმა მისმა ცოლმა ჩაიცვა. 2009 წლიდან თბილისში, საინჟინრო ბატალიონში, საქმის მწარმოებლად მუშაობს.
„27 წლის დავქვრივდი ორი პატარა შვილით. ამ ასაკში ზოგს ცხოვრებაც არ აქვს დაწყებული. მაგრამ როცა გმირის მეუღლე ხარ, გმირის შვილებს ზრდი, უნდა მოითმინო, სხვა გზა არ გაქვს“.
თეა იხსენებს, რომ უფროს სერჟანტს ფეხბურთი და საჩუქრების გაკეთება უყვარდა.
„ფეხბურთი უყვარდა ძალიან, ყველაფერს ერჩივნა. კარგად თამაშობდა. ორი წელი შეყვარებულები ვიყავთ. არ მომასვენა, სიცოცხლეშიც კი ეჩქარებოდა ყველაფერი. ცოლად 16 წლის გავყევი. საჩუქრების მოტანა უყვარდა. ვუბრაზდებოდი არ ავიღებ, ნუ მოგაქვს-მეთქი და მაინც მოჰქონდა. დღესაც მაქვს შენახული საათები. ყვავილები მიყვარს და ეს რომ იცოდა, ძალიან ხშირად მოჰქონდა. სამაგიეროდ ახლა მე მიმაქვს მის საფლავზე, გამოდის სამაგიეროს ვუხდი“.
გარდაცვალების შემდეგ აგვისტოს ომის გმირს მედალი მხედრული მამაცობისთვის გადაეცა. თამაზის მშობლიურ სოფელ კოთელიაში საჯარო სკოლა ომის გმირის სახელს ატარებს. უფროსი სერჟანტის სახელი მიენიჭა ახალქალაქში ერთ-ერთ ქუჩასაც.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
გააზიარეთ :