საზოგადოება
კეთდება ერთი, ფუჭდება მეორე - ვალეში დაზიანებული გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ
ქალაქ ვალეს მაცხოვრებლები კორპუსების უკან მდებარე ტერიტორიების მოწესრიგებას ითხოვენ. აქ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ სასმელი წყლის მილები გაჰყავს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი ხდება.
სასმელი წყლის მილების გაყვანა ვალის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რიგ მონაკვეთებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია მილებს ისევ მიწით ფარავს და ტერიტორიას ტოვებს. ერთ-ერთი მონაკვეთიდან გასვლისას პრობლემა შეექმნა თავად კომპანიის სატვირთოსაც. მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო, სატვირთო ავტომობილი მიწაში ჩაეფლო და რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, სხვების დახმარებით გაიყვანეს.
გზის საფარი, რომელიც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ აყალო მიწით იფარება, წვიმიან ამინდში განსაკუთრებით საშიშია, რადგან გზის ზედაპირზე ავტომობილის საბურავები სრიალებს და გადაადგილება უსაფრთხო არ არის.
რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მონაკვეთებზე სილა და ქვა-ღორღი დაყარეს.
ადგილობრივების თქმით, მდგომარეობა არც ამით გამოსწორებულა. წვიმიან ამინდში გადაადგილება აქ ისევ შეუძლებელია.
პრობლემაა ისიც, რომ ამ ტერიტორიებიდან ტალახი ქალაქის ცენტრალურ ტრასაზე ჩამოდის. წვიმიან ამინდში ვალის ტერიტორიაზე, გზის ნაწილი მთლიანად ტალახიანი წყლითაა დაფარული, მზიან ამინდში კი გზის ამ მონაკვეთზე მტვერი წარმოიქმნება.
„გართიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში აცხადებენ, რომ ვალეში დაზიანებული გზის საფარის აღდგენა მათ არ ევალებათ. კომპანია დაზიანებულ მონაკვეთებს მხოლოდ თავდაპირველ მდგომარეობაში მოიყვანს.
„პროექტი სახელმწიფოს დაკვეთით ხორციელდება. თავისთავად ცხადია, რომ გზის საფარი მაგ მდგომარეობაში ვერ დარჩება და მოწესრიგდება ისე, როგორც იყო. თუმცა კონტრაქტორს არ ევალება გზის აღდგენა. გზის საფარს უკვე სახელმწიფო აღადგენს“ – აცხადებს რეგიონული ფილიალის მენეჯერი გიორგი გრიგალაშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მერია კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად პრობლემის აღმოფხვრაზე იზრუნებს.
"ამ ეტაპზე , ქალაქ ვალეში წყლის სისტემის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს გამრიცხველიანებისთვის ორმოების ამოღება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტიც ჩაერთვება და მოგვარდება არსებული პრობლემა" - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
პროექტის ფარგლებში, ვალეში დამატებით შვიდი ჭაბურღილი ეწყობა, საიდანაც სასმელი წყლით მთლიანად ქალაქი ახალი მაგისტრალური ქსელის მეშვეობით, 24 საათის გამავლობაში მომარაგდება.
გააზიარეთ :