საზოგადოება
ქოლერა, შავი ჭირი, ,,ისპანკა", ტიფი - რა ეპიდემიებს ებრძოდნენ საუკუნის წინ საქართველოში
1919-1920 წლები საქართველოში დიდი ეპიდემიების ხანა იყო. ყველაზე მეტად ეს ქვეყნის დედაქალაქ ტფილისში იგრძნობოდა, რომელიც სასიკვდილო დაავადებების გავრცელების ბუდეს წარმოადგენდა. ანტისანიტარიის, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის, მედიკამენტების დეფიციტის, მოუწესრიგებელი საყოფაცხოვრებო პირობებისა და დევნილთა უწყვეტი ნაკადის გამო, ტფილისი მუდმივად ეპიდემიის საფრთხეს განიცდიდა. 1919 წლის ზამთარში, დედაქალაქში ტიფმა იფეთქა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მძვინვარებდა. დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი. აპრილისთვის პარტახტიანი ტიფის ეპიდემია ჩაცხრა, მაგრამ იგი მაშინვე მეორე სასიკვდილო სენმა ჩაანაცვლა - საქართველოს ქოლერის ეპიდემია დაატყდა თავს. ამას თან დაერთო შავი ჭირიც ანუ, როგორც მოსახლეობაში ეძახდნენ - შავი სახადი.
ქოლერის პირველი ნიშნები ტფილისში 1919 წლის იანვარში დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ ავადმყოფობა მასშტაბური არ იყო და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა. ამავე პერიოდში გამოვლინდა შავი ჭირის დაავადებაც. შავი ჭირით სნეულ ადამიანებს არამიანცის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ ელემენტარული პირობების არ არსებობის გამო, ავადმყოფობა ხშირად მედპერსონალზეც გადადიოდა.
გაზეთი "ერთობა", 1919 წლის 25 იანვარს წერდა: ,,ავად გახდნენ საავადმყოფოს ექიმები: უფროსი ორდინატორი ექიმი ციციშვილი, ექიმი სლუცკაია და კიდევ რამდენიმე მოსამსახურე. ტფილისში ხოლერა გაჩნდა. რას აკეთებს ქალაქის სანიტარული ორგანიზაცია ამ საშინელი ეპიდემიის ხანაში? კანონის ძალით, ავადმყოფი იმ წამსვე უნდა იქნას წაყვანილი საავადმყოფოში, როგორც კი აცნობებენ ქალაქის სანიტარულ ორგანიზაციას. ნამდვილად კი 4-5 დღე გადის შეტყობინების შემდეგ ავადმყოფის წაყვანამდის, რაც ხელს უწყობს სენის გავრცელებას. თუ კერძო ეტლით მიიყვანეთ სახადიანი საავადმყოფოში, ამ ეტლს დეზინფექციას არ უშვებიან და სენი გადადის მათზეც, ვინც ეტლში ჯდება. თუ ქალაქის გამგეობა უძლურია რაიმე გააკეთოს, მთავრობა უნდა ჩაერიოს ამ საქმეში".
რამდენიმე დღეში, იგივე გაზეთი კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს ქოლერის შესახებ, საიდანაც ვიგებთ, რომ მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა და სასიკვდილო დაავადება მოსახლეობას უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის. წერილში გადმოცემულია, რომ ქალაქის თვითმმართველობა უძლურია სენის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომები მიიღოს და თუ მდგომარეობა კვლავ თვითდინებაზე იქნება მიშვებული, ტფილისში ქოლერის მასშტაბური ეპიდემია დაიწყება.
იგივე გაზეთი 28 იანვარს უკვე ,,ისპანკასა" და ხოლერას შედეგებზე წერს. ჟურნალი ,,გზა" ეპიდემიების ხანა გასაბჭოებულ საქართველოში მიმდინარე პროცესებს გასული საუკუნის პრესის ფურცლებიდან მიმოიხილავს.
"ე.წ. "ისპანკას" მოჰყვა ხოლერა, რომელიც საშინელის სისწრაფით ვრცელდება. ქალაქის ლაზარეთები სავსეა ავადმყოფებით, ხოლო ბევრი იძულებულია სახლში იწვეს უადგილობის გამო, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც შეგნებულად გაურბიან ავადმყოფის ლაზარეთში მოთავსებას, რადგან იმედი არა აქვთ, რომ იქ სათანადო მოვლას არ მოაკლებენ მას. ექიმები ვრცელ წერილებს ბეჭდავენ და მცხოვრებთ აცნობენ სენის გამომწვევ მიზეზებსა და მის მომსპობ საშუალებებს. მთავრობა საგანგებო უფლებებით აღჭურვილ პირებს ნიშნავს და ზომების შემუშავებას ანდობს, მაგრამ სენი თავისას შვრება, კიდევ უფრო ვრცელდება და როგორც ქალაქს, ასევე სოფელს საფრთხეში აგდებს... ქალაქის სანიტარული გამგეობა ვერ ახერხებს სახადიანი ავადმყოფების დროზე გადაზიდვას და დეზინფექციის მოხდენას. მაცხოვრებლებს თითონ უხდებათ სანიტარული განყოფილებისთვის ხვეწნა-მუდარა, რომ მათ ეს მოვალეობა მოაგონონ. და მიუხედავად ამისა, ეს საქმე სრულდება ძალიან დაგვიანებით ან სრულიად არ სრულდება.
სხვათა შორის, გადასაზიდ საშუალებათა უქონლობას ასახელებენ მიზეზად, რაც პირდაპირ გაუგებარია, რადგან ქალაქში აუარებელი ავტომობილი და ცხენია ისეთი პირების ხელში, რომელთაც კარგად შეეძლოთ უავტომობილოთ და უეტლოდ მსახური".
1919 წლის 1-ლი ივლისს, გაზეთი "გრუზია" წერდა, რომ ტფილისის თვითმმართველობამ თხოვნა გაუგზავნა სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიას, რათა ამ უკანასკნელს ქოლერის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინები დაემზადებინა. ამის საპასუხოდ, სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიამ განაცხადა, რომ მზადაა, უსასყიდლოდ დაარიგოს 10 ათასი აცრისთვის სამყოფი ვაქცინა და დაიწყოს მუშაობა ახალი ვაქცინების შესაქმნელად. როგორც მომავალში გაირკვა, სწორედ სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიის მიერ დამზადებული ვაქცინების წყალობით მოხერხდა ტფილისში ქოლერის ეპიდემიის შეჩერება.
სამედიცინო-სანიტარული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 1920 წლის 1-ლი სექტემბრისთვის ტფილისში არსებული სურათი შემდეგი იყო:
მუცლის ტიფით 7 მოქალაქე დაავადდა, დეზინტერიით -1, ყვავილით -5, ქოლერით - 6.
სექტემბრის განმავლობაში ამ ციფრმა კიდევ იმატა: პარტახტიანი ტიფით - 3; მუცლის ტიფით - 32; ყვავილით - 9; ქოლერით - 43.
მათგან ყვავილით გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, ხოლო ქოლერით - 19.
ოქტობრის შემდეგ, ტფილისში არსებული ეპიდემიური ვითარების შესახებ გაზეთებში ცნობები აღარ გამოქვეყნებულა. როგორც ჩანს, შემოდგომაზე დაავადებათა გავრცელებამ იკლო ან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ქოლერისა და შავი ჭირისთვის არავის ეცალა.
გააზიარეთ :