საზოგადოება
იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს - ნათია თურნავა
იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, გასაგებია, რომ მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა არის მიუღებელი. ამას, რათქმაუნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც 6 თებერვლიდან რესტორნების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებისა და მათი ამუშავების საკითხს გამოეხმაურა.
თურნავას განცხადებით, რესტორნები დაუმორჩილებლობის გამოცხადებით მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას გააფუჭებენ.
„გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონისა და ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა, არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. ასეთი ქმედება, რომელიც არის დაკავშირებული კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება,“- განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ "რესტორატორთა ასოციაციის" ინიციატივას ახალციხის რესტორნის მფლობელები არ იზიარებენ და კანონის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებენ.
გააზიარეთ :