საზოგადოება
მამაკაცი, რომელიც მშენებლობიდან გადმოვარდა, კლინიკიდან გაწერეს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მას წვივის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამდღიანი მკურნალობის შემდეგ, 35 წლამდე მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალიდან დღეს, ოთხ თებერვალს გაწერეს.
„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამიტომ საავადმყოფოდან დღეს გაეწერა“, - ამბობს კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი.
შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს, 14:00 საათისთვის ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. ობიექტის მეპატრონე ამბობდა, რომ მუშას კიბეზე ფერხი დაუცურდა.
შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გააზიარეთ :