დაზიანებული ავტომობილები და ელსადენები-დიდთოვლობა საქართველოში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო მათთან 140 შეტყობინება შევიდა. გამოძახებების უმრავლესობა თოვლში ჩარჩენილ მანქანებს და მოტეხილ ხის ტოტებს ეხებოდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.
„112-დან, სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შემოვიდა. სამაშველო სამსახური ყველა მათგანზე რეაგირებს. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ამინდი 16 თებერვლის საღამოდან გაუარესდა. ინტენსიური თოვის გამო, ქვეყნის მასშტაბით გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია, მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.