საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ვადები შესაძლოა, გახანგრძლივდეს
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების ვადები შესაძლოა, გახანგრძლივდეს. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების ვადები კიდევ ორი წლით, 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
2018 წლის 21 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, დაკარგული მოქალაქეობის აღდგენას 2020 წლის 31 დეკემბრამდე ახერხებდნენ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა აქტიურად გამოიყენეს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის შესაძლებლობა. 2018 წელს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, 1 935 ყოფილმა მოქალაქემ მიმართა, 2019 წელს - 2 044 პირმა, ხოლო 2020 წელს - 1 217 ადამიანმა.
კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვებ-გვერდის საშუალებით გამოეხმაურა.
"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.
ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო.
აღნიშნულ ეტაპზე კი, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.