საზოგადოება
ახალციხეში ცენტრალური პარკის ნაწილი ისევ ჩაბნელებულია
ახალციხის ცენტრალური პარკის ნაწილი კვლავ ჩაბნელებულია. მიუხედავად იმისა, რომ 8 თბერვალს ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაზიანებული ლამპიონების შეკეთება დაიწყეს, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. თვითმმართველობაში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამი ლამპიონია გათიშული, არადა თეატრისა და ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება არ არის.
„ცენტრალური პარკის აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციაა დაზიანებული. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ აღმოფხვრილ იქნა დაზიანებული ნაწილი და ამ დროისთვის მხოლოდ 3 ლამპიონია გათიშული. უახლოეს ხანში იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები და მთლიანად აღდგება განათების სისტემა,“ - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
თავდაპირველად ახალციხის ცენტრალური პარკის ჩაბნელების მიზეზი ახალციხის მერს ექვს თებერვალს ვკითხეთ. ზაზა მელიქიძემ გვითხრა, რომ ლამპიონების გათიშვის მიზეზი საახალწლო განათებების მოხსნით გამოწვეული ტექნიკური პრობლემა იყო და მალე მოგვარდებოდა.
კომპანიის თანაშრომლებმა მუშაობა მართლაც დაიწყეს, თუმცა დაზიანებას ვერ მიაგნეს.
შეგახსენებთ, რომ გარე განათების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფს“ ეკისრება. მანამდე კი შპს „კეთილმოწყობის“ მოვალეობაში შედიოდა.
გააზიარეთ :