ადიგენის მერიის სამ სამსახურში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის, შიდა აუდიტისა და სამხედრო გაწვევის სამსახურს ახალი უფროსები ჰყავს. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელებად დაინიშნენ.
„ეს პიროვნებები 2 წელზე მეტია ამავე თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებად მუშაობდნენ, ახლა კი ხელმძღვანელებად დაინიშნენ“, - განაცხადა ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსად ზურაბ ბეთხოშვილი დაინიშნა; შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ხარატიშვილი. რაც შეეხება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს, მისი ხელმძღვანელის პოზიცია მამუკა ბუიღლიშვილმა დაიკავა.