8 მარტიდან რესტორნებმა მუშაობა ცოცხალი მუსიკის გარეშე განაახლეს
დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ. შეზღუდვა ძალაში რჩება შაბათ-კვირას.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად ჩავერთვებით. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარი“, - განაცხადა ფერაძემ.
მისი თქმით, ორკვირიან ჭრილში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება.
„თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება“, - განაცხადა ფერაძემ.
მიუხედავად იმისა,რომ 8 მარტიდან რესტორნები გაიხსნა პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება აკრძალულია.
შეგახსენებთ,რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რესტორნები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაიკეტა.