სამშობლოში დაბრუნებული "არავის" მოქალაქეები - რეპატრირებული მესხების საგა
14:48 / 10.03.2021
ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, მარდალიევებთან ძეობაა. 18 თებერვალს ოჯახის მერვე წევრი - ჯაჰიდი დაიბადა. ახალშობილი მასთან ერთად დაბადებული ჩვილებისგან ახლავე განსხვავდება. მის დაბადების მოწმობაში პირადი ნომრის გრაფა ცარიელია, ის საქართველოს მოქალაქე არ არის. მისი უუფლებობა კლინიკაშივე შესამჩნევია. ოჯახს მშობიარობაში 1 600 ლარის გადახდა მოუწია.
ჯაჰიდივით არც ერთი ქვეყნის მოქალაქეა მისი წლინახევრის ძმაც. ამის გამო, ბავშვობიდანვე, ძმებს არაერთ უფლებაზე უარის თქმა მოუწევთ. მოქალაქეობის გარეშე მხოლოდ უმცროსი მარდალიევები არ არიან. ოჯახის რვა წევრიდან საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ რძალს და ვაჟს აქვთ.
„მოქალაქეობის არქონის გამო ძალიან ბევრი ხარჯი და პრობლემა გვაქვს. ცოტა ხნის წინ ჩემი ვაჟის ოპერაციაში 500 ლარი გადავიხადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი უფასოა. ყველგან, სადაც მივდივართ, მოქალაქეობაა საჭირო. დიდი უპატივცემულობაა, თითქოს ადამიანებად არ გვთვლიან“, - ჩივის ჯაჰიდის ბებია ვასია მარდალიევა.
მარდალიევებს რეპატრირებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული, მაგრამ ეს ოჯახს მოქალაქეობის არმქონე პირებთან შედარებით, უფლებრივ უპირატესობას არ ანიჭებს.
წლებია სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს აბამუსლიმ არიფოვი, რომელიც ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. 59 წლის მამაკაცმა, 2010 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. მას შემდეგ ცდილობს ეს უფლება ოჯახის სხვა წევრებმაც მოიპოვონ. არიფოვების ექვსსულიან ოჯახში მოქალაქეობა მხოლოდ აბამუსლიმს აქვს. ოთხი წლის წინ სამართლებრივადაც იბრძოლა, თუმცა უშედეგოდ.
„ორი წელი სასამართლოებში ვიარე, სააპელაციოშიც გავასაჩივრე, მაგრამ არანაირი შედეგი. თბილისში სიარულისას თითქმის, 1 000 დოლარი დავხარჯე. ჩემს მეუღლეს და ვაჟს რეპატრირებულის სტატუსი აქვთ. მე სასამართლოს ვკითხე, როგორაა, რომ მე მაქვს მოქალაქეობა და ჩემი ოჯახის წევრებს არა? ამის გამო ყველა ვწვალობთ, კორონავირუსი შეხვდა ჩვენს ახლობელს და მკურნალობისთვის ერთ დღეში, 500 ლარს იხდიდა“.
სამცხე–ჯავახეთში დეპორტირებული მესხების 26 ოჯახი ცხოვრობს. მათგან 16 ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, 8 ადიგენსა და 2 ქალაქ ვალეში დასახლდა. ყველა ოჯახში მინიმუმ, ერთ წევრს მოქალაქეობის ან ბინადრობის პრობლემა აქვს.
ბინადრობის უფლების მოპოვებას სასამართლოს გზით შეეცადნენ უსუფოვები. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულებს უთხრეს, რომ ოჯახის წევრების ნაწილი შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა „სახელმწიფოსთვის სახიფათო პირებად“ მიიჩნია. უწყებას მეტი დეტალი არ განუმარტავს. უსუფოვების ოჯახის ორი წევრის ინტერესებს სასამართლოში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლის“ იურისტი იცავდა. ეკა ქობესაშვილი იხსენებს, რომ მამაკაცმა ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, მის მეუღლეს და შვილს კი ცხოვრების უფლება მისცეს, ბინადრობის - არა.
„თუ ქვეყნისთვის საშიშნი იყვნენ, საქართველოში ცხოვრების უფლება როგორ მისცეს? დასტურდებოდა, რომ ეს ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, ჰქონდათ საოჯახო მეურნეობა, მაგრამ არც იუსტიციის სახლმა და არც სასამართლომ არ გაიზიარა ეს გარემოებები. საწვალებელი იყო, წელიწადში ერთხელ უწევდათ აზერბაიჯანში გადასვლა და ხელახლა შემოსვლა. არადა იქ სახლიც აღარ ჰქონდათ. არგუმენტი კონტრდაზვერვის საიდუმლო დასკვნა იყო, რომელსაც ჩვენ არ გვაცნობდნენ“.
ისტორიულ სამშობლოს 13 წლის წინ, ოჯახთან ერთად დაუბრუნდა სარვარ საფაროვი. სანამ საქართველოში დამკვიდრდებოდა, თვეში ორ კვირას ისევ აზერბაიჯანში ატარებდა. მოქალაქეობის არქონა თავიდან დისკომფორტს არ უქმნიდა, როცა ამის გამო პრობლემები გაჩნდა, საბუთების მოწესრიგება ვეღარ შეძლო. სასწრაფოს ექიმის მიერ, სამშობლოში გატარებული 13 წელი, ხელისუფლებისთვის საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა.
საფაროვების ოჯახში ხუთი წევრია. მათგან ორს სარვარს და მის რძალს - მოქალაქეობა არ აქვს. სარვარის ცოლი ერთი წლის წინ ისე გარდაიცვალა, რომ საქართველოს მოქალაქის სტატუსი ვერ მოიპოვა.
69 წლის ექიმი გვიყვება, რომ მოქალაქეობის არქონის გამო, მუსლიმ მესხებს იმ სერვისებში უწევთ თანხის გადახდა, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა. მაგალითად, განათლება და ჯანდაცვა. ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის დროს მოქალაქეებისთვის შეთავაზებული შეღავათებით.
„ადაპტაციის პრობლემა არ არის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ჩემი შვილიშვილები ქართულ სკოლაში დადიან და აზერბაიჯანულიც კი არ იციან. მაგრამ დიდი პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით ქალებს. როცა ფეხმძიმედ არიან და კონსულტაციაზე მიდიან, ბევრ ფულს ხარჯავენ“.
სარვარი წლებია ისტორიულ სამშობლოში დარჩენილ წინაპრებზე ინფორმაციას ეძებს. არქივში მოძიებული დოკუმენტებით გაარკვია, რომ ადიგენის სოფელ ზანავში ცხოვრობდნენ. 1884 წელს მათი გვარი დევიძე იყო, მოგვიანებით ლაზიშვილებად დაწერეს.
მოქალაქეობის საკითხი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს აწუხებს. მუსლიმი მესხების პრობლემებზე 2005 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტოლერანტი“ მუშაობს. ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახელზე წერილს ამზადებს, სადაც საქართველოში მცხოვრები მესხების საკითხის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს.
„სახელმწიფო ამბობს, რომ მუსლიმი მესხების პრობლემა არ გვაქვს, ყველაფერი მოგვარებულია. არადა ვისაც რეპატრირებულის სტატუსი აქვს, მოქალაქეობას ისიც ვერ იღებს. რეპატრირებულის სტატუსი არაფერს ნიშნავს, მხოლოდ აღიარებაა, რომ უსამართლოდ გაასახლეს. არ შეიძლება ადამიანი 15 წელი ქვეყანაში ცხოვრობდეს და არავინ იყოს. ბავშვები უფასოდ ვერ მიჰყავთ ექიმთან, აცრებს ვერ უკეთებენ“.
მესხების უმეტესობა საქართველოში 2007-2010 წლებში დაბრუნდა. სამშობლოში ისე ჩამოვიდნენ, რომ აქ არც ახლობლები ელოდნენ და არც გარანტირებული საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ. სახლები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ – პატარა მიწაზე, რომელიც სახლის გარშემო აქვთ, ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ. უმეტესობა რუსულად საუბრობს, ქართული მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, რეპატრირებულის სტატუსის მისაღებად განაცხადების მიღება 2010 წლის 1-ელ იანვარს დასრულდა. საქართველოს 5 841-მა პირმა მიმართა (არასრულწლოვანებთან ერთად დაახლოებით, 9 000-მდე პირი). მათგან 1 998 მოქალაქეს რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა.
2010 წლის 30 მარტის „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ დადგენილების მიხედვით, რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს შეუძლია გამარტივებული წესით მოქალაქეობა მოითხოვოს. კანონის მთავარი პირობაა, რომ განმცხადებელმა ორი წლის განმავლობაში დატოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მთავარი პრობლემაც ამ დათქმაშია.
„საქართველომ ორწლიანი ვადა მისცა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეობა დათმონ, მაგრამ აზერბაიჯანი ასე მარტივად არ ჩამოართმევს მოქალაქეობას. ეუბნება - ჯერ ვერ განვიხილავ ამ საკითხს. 500 დოლარი უნდა გადაიხადოს ერთმა ოჯახმა და 3-4 წელი უნდა ელოდოს. ამასობაში საქართველოდან მიცემული ვადა ეწურებათ და რა ქნან ამ შემთხვევაში? დამატებითი პრობლემები შეიქმნა ამ ერთ წელში, პანდემიის დროს საქართველოში ჩაიკეტნენ და ვერ მიდიან აზერბაიჯანში. ზოგიერთის პასპორტს ვადა გაუვიდა და შიშით ვერ გადაუკვეთიათ, ვაითუ უკან არ შემოგვიშვანო“, - გვიხსნის ცირა მესხიშვილი.
პირობადებული მოქალაქეობა საქართველოსი მცხოვრებ 494 რეპატრირებულ მესხს აქვს მიცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ძალაში შევა მაშინ, როდესაც ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვიან.
„ორი წლის განმავლობაში არც ერთი მათგანი არ გამოსულა თავისი ქვეყნის მოქალაქეობიდან, რის მიზეზადაც სახელდებოდა ადგილზე არსებული ბიუროკრატიული და პროცედურული სირთულეები. ამიტომ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენის ვადა 2 წლიდან 5 წლამდე გახანგრძლივდა, თუმცა, დღეის მდგომარეობითაც, არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რათა ძალაში შესულიყო საქართველოს მოქალაქეობა“, - აცხადებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
საბჭოთა კავშირმა მუსლიმი მესხების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 1923 წელს დაიწყო, როდესაც ეთნიკურად ქართველები „აზერბაიჯანელებად“ ჩაწერეს და ქართული გვარები აზერბაიჯანულად გადაუკეთეს.
1944 წლის 14 ნოემბრის ღამეს საბჭოთა ხელისუფლებამ მუსლიმი მესხები გაასახლა. 77 წლის წინ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 100 000 მაჰმადიანი იძულებით აყარა და პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით შუა აზიის გზას გაუყენა. ისტორიული წყაროებით, გზაში რთულ პირობებს ყველამ ვერ გაუძლო და დაახლოებით, 17 000 მუსლიმი დაიღუპა.
გადასახლების მიზეზი სტალინის შიში იყო, რომელიც თვლიდა, რომ თურქეთთან ომის შემთხვევაში, მუსლიმი მესხები მათ მხარეს დაიჭერდნენ. თუმცა გადასახლებულთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენდნენ. 30 000-ზე მეტი მუსლიმი მესხი კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მხარეს, ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა.
კრემლისტური მედია სტალინის პოლიტიკისა და მესხების დეპორტაციის გამართლებას, ამ დრომდე, მათი დისკრედიტაციით, ფაშისტებად ან თურქეთის მოკავშირეებად წარმოჩენით ცდილობს. (მითები დეპორტირებული მესხების შესახებ წაიკითხეთ აქ)
შუა აზიის ქვეყნებში იძულებით გადასახლებულ მესხებს, მათი რელიგიური იდენტობის გამო, საბჭოთა კავშირი მაჰმადიან მესხებად მოიხსენიებდა. დეპორტირებული მესხების ეთნიკური წარმომავლობა დავის საგანია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტომი ეთნიკურად ქართველი იყო და ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიის პერიოდში თურქიზაცია განიცადა. ამ მეცნიერთა აზრი ახალციხის 1870 წლის აღწერას ემყარება, სადაც 20 855 ადამიანი სუნიტ ქართველად მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მესხები თავს „იერლი მისლიმანად“ მოიხსენიებდნენ, რაც ადგილობრივ მუსლიმს ნიშნავდა.
მეცნიერთა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ მესხები ეთნიკურად თურქები იყვნენ და მათზე ქართული გავლენა ვრცელდებოდა. მათი აზრით, იმ პერიოდის მუსლიმი მესხები აღმოსავლეთ ანატოლიის თურქებისგან საერთოდ არ განსხვავდებოდნენ. თურქულ ისტორიულ-პოლიტიკურ დისკურსში ამ ადამიანებს აჰისკა (ახალციხელი) თურქებს უწოდებენ. მესხების ნაწილი დღეს თავს ქართველად, ხოლო ნაწილი კი თურქად მიიჩნევს, ნაწილს კი გამოკვეთილი ეთნიკური იდენტობა არ გააჩნია.
საქართველოს ხელისუფლებამ 2014 წელს იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია შეიმუშავა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიის მიზანს რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და შემდგომ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. თუმცა უფლებადამცველებს ამ პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ცირა მესხიშვილი ახალციხეში დაბრუნებული ორი ოჯახის მაგალითს იხსენებს, როცა მესხებმა სამშობლო იძულებით მეორედ დატოვეს. აზერბაიჯანიდან ჩამოსული მაკარიძეები და ყურაძეები გამოწვევებს ვერ გაუმკლავდნენ და თურქეთში გადასახლდნენ.
"მასალა მომზადდა პროექტის “ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.