საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება
სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასი მოიმატებს. შპს „ჯეოტივის“ დირექტორი ამბობს, რომ ახალციხიდან რეგიონის მუნიციპალიტეტების მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება პირველი აპრილიდან გაძვირდება. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მიზეზი საწვავზე ფასის ზრდაა.
„სხვადასხვა ფაქტორების გამო, იძულებულები ვართ მგზავრობა გავაძვიროთ, ჯერ არ ვიცით რამდენით მოიმატებს ფასი, ამას გაანგარიშების და გამოთვლების საფუძველზე დავადგენთ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ფასები 20%-ით გაიზრდება“.
ზოგიერთ მარშრუტზე მგზავრობა უკვე გაძვირდა. მაგალითად, ახალციხე-აბასთუმნის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 2 ლარი ღირდა, ახლა კი 2.50 ლარი გაახდა. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მძღოლები, რომლებიც მისი თანამშრომლები არ არიან, ფასებს თვითნებურად ამატებენ.
პირველი მარტიდან ორი ლარით გაძვირდა თბილისიდან ახალციხეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა და ახლა 12 ლარი ღირს, ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება კი ისევ 10 ლარია.
გააზიარეთ :