რაბათში, ძაღლმა დედა-შვილი დაკბინა
29 აპრილს, დილით, რაბათის დასახლებაში უსახლკარო ძაღლმა ორი პირი, დედა და შვილი დაკბინა. ადგილობრივების ვარაუდით, ძაღლი ცოფიანი იყო, რადგან დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.
,,დღეს რაბათში დედა შვილი დაკბინა ძაღლმა. ჩემი ნათესავები არიან. ბავშვი 3 წლამდეა და დედა 33 წლის. ბევრჯერ მივმართეთ მერიას, მაგრამ უშედეგოდ. არავინ გვაქცევს ყურადღებას, შიშით სახლებში ვერ შევდივართ, ეზოებში კი უცხო ძაღლებია'' - აცხადებს რაბათში მცხოვრები ნინო ლალუაშვილი.
დაშავებული დედა შვილი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორი დედა-შვილის მდგომარეობას სტაბილურს უწოდებს.
,,დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის შემოიყვანეს დედა-შვილი ჩვენს კლინიკაში. ისინი ძაღლისგან იყვნენ დაკბენილები. დედა-შვილს ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა და ბინაზე გაეწერნენ"- აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე.
რაბათის დასახლებაში, ძაღლის დაკბენის ეს შემთხვევა პირველი არ არის. ,,ცოფიანი ძაღლები ადრეც დადიოდნენ და განსაკუთრებით ბავშვებს უქმნიან საფრთხეს" - აცხადებს თეა გოგალაძე.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის დეკემბრის ბოლო საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრა. ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ ქალაქში ყველა ძაღლი აცრილი და დამუშავებულია, შესაბამისად, ხალხისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა მისივე თქმით, ძაღლები სხვა დასახლებებიდან ჩამოჰყავთ, რისი კონტროლიც ვერ ხერხდება.
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადიგენისა და კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ბაზარზე პირუტყვი ჩამოყავთ და მათ ძაღლებიც მოჰყვება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია და ხალხისთვის საშიშიცაა, თუმცა ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ“, - აცხადებს ზაზა მელიქიძე.
ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი მზადაა. ის ახალციხეში, ფარეხის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს დონორს, რომელიც მშენებლობას დააფინანსებს.
შეგახსენებთ,რომ მსგავსი შემთხვევა ქალაქში ადრეც დაფიქსირდა. 27 მაისს ცხრა აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე, მიუსაფარმა ძაღლებმა ერთ დღეში ცხრა ბავშვი დაკბინეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია, მათ შორის ყველაზე პატარა ორი წლის იყო.