ნინოწმინდის პანსიონში „ალტინფო“ შეუშვეს, თამთა მიქელაძე - არა
16:15 / 03.06.2021
ნინოწმინდაში, ბავშვთა პანსიონში ტელეკომპანია "ალტინფოს" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეუშვეს, უფლებადამცველი თამთა მიქელაძე კი - არა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კარს მიღმა მყოფ თანამშრომლებთან დალაპარაკება სცადა. თამთა მიქელაძეს სურდა გაერკვია, რატომ არ ეძლევათ კომპეტენტურ პირებს პანსიონში შესვლის უფლება. უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრობლემის ძირი ამგვარი ინსტიტუციების არსებობაა.
"მთავარი პრობლემა ამგვარი პანსიონატების და ინსტიტუციების არსებობაა, სადაც ათეულობით ბავშვია თავმოყრილი. ამ მასშტაბის ინსტიტუციები არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ სოციალურ გარემოდ, რომელიც ოჯახურ გარემოს უთანაბრდება და ბავშვის განვითარებისთვის მისაღები სივრცეა. გაცილებით ადრე უნდა დაეწყო სახელმწიფოს ამგვარი პანსიონატების დეინსტიტუციონალიზება. მით უმეტეს, რომ წინა წლებში, სახალხო დამცველის მონიტორინგი აჩვენებს, რომ არსებობს მთელი რიგი დარღვევები - ეს უკავშირდება ძალადობის რისკებს, შემოსვლისა და გასვლის რეგულირებას, პირადი სივრცის არარსებობას, დასჯის პრაქტიკებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში რელიგიური კონტექსტიც აქვს".
სახალხო დამცველისა და მედიისთვის დახურულ პანსიონში უპრობლემოდ შევიდა სამთავრობო მედიაორგანიზაციის - "ალტინფოს" გადამღები ჯგუფი. ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ შოთა მარტინენკომ სახალხო დამცველს "ავადმყოფური შეხედულებების მხარდამჭერი" უწოდა და ამით ახსნა მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის წარმომდგენლებს პანსიონში არ უშვებენ.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე გამოძიება ორი - ძალადობის და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს. ამას ადასტურებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც.
დეკანოზი ფილიპე აბაშიძე "მეცხრე არხთან" ადასტურებს, რომ ბავშვების მიმართ მკაცრ მოპყრობას ადგილი რამდენიმე წლის წინ ჰქონდა და ის აღმზრდელები სამსახურიდან გაუშვეს. რამდენიმე აღსაზრდელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სახლში წასვლა უნდა. ასევე ადასტურებენ, რომ გაკვეთილების დროს აღმზრდელები სკოლის დერეფანში ელოდებიან.
სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილში ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლები არც მეორედ შეუშვეს.
პანსიონის ადმინისტრაცია ამას მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ხსნის. სხალთის ეპისკოპოსი ამბობს, რომ ომბუდსმენს ბავშვთა სახლის შემოწმების უფლება არ აქვს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.