ნამახვანჰესი აღარ აშენდება – ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს
ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.
კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს.
"ჩვენი კომპანია, რომელშიც 90%-ს ვფლობთ, ENKA Renewables-ი საქართველოს აცნობებს, რომ აჩერებს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას. ამის მიზეზია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი". - ვკითხულობთ ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში.
საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით წარიმართებოდა, თუმცა რიონის ხეობის მცველებმა საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი დატოვეს.