გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ - ილია მეორე
17 ოქტომბერს ვეტერანების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ვეტერანებისთვის 15 000 ლარიანი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი შეიმუშავა.
,,დღეს ვეტერანების მიმართ სახელმწიფომ გამოხატა თავისი თანადგომა, 15 000 ლარიანი თანადაფინანსებით. მე მადლობა მინდა ვუთხრა ვეტერანების სახელით ყველა მუნიციპალიტეტსა და მერიას, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს, რამეთუ მათთან ერთად ურთიერთობაში და თანამონაწილეობაში, სახელმწიფო დაზღვევის 15 000-იანი პაკეტი გაცილებით უფრო ეფექტური ხდება ვეტერანების ჯანმრთელობის ზრუნვისთვის", - განაცხადა კობა კობალაძემ.
ვეტერანების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. ილია მეორე აღნიშნავს, რომ ,,გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ".
,,მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა.
ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას.
საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს.
უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ. ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული.
უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.