იანვრიდან პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის საფასურის გადახდა 16 რიცხვამდე შეეძლებათ
2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები დენის საფასურის გადახდა ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ. სემეკის განცხადებით, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, ყოველი თვის 22 რიცხვამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.
სემეკი აცხადებს, რომ გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს, თბილისში — თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას (თელმიკო), ხოლო რეგიონებში — ეპ ჯორჯია მიწოდებას.
"ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ელექტროენერგიის საფასურს დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით მრიცხველების წაკითხვა ერთიანი სისტემით, ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში განხორციელდება. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი იქნება ასახული (არაუმეტეს 30 დღისა).
მათივე თქმით, ცვლილების გამო ადგილი ზედმეტობით დარიცხვებს ადგილი არ ექნება და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.