საზოგადოება
მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც 2021 წელი დაგვამახსოვრა
პანდემიის პირობებში ჩაიარა 2021 წელმაც, გარდა კოვიდ19 - ის ყოველდღიური შემთხვევებისა, საზოგადოების ყურადღება მიიქცია სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენებმა. მეცხრე არხმა მოკლედ მიმოიხილა რეგიონში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები:
საყურადღებოა ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე თრიალას ტბები, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. პირველი ტბიდან მხოლოდ გუბეა დარჩენილი, სახარბიელო მდგომარეობაში არც დანარჩენი ორია. მოქალაქეები ამბობენ, რომ წყალი წყალმცენარეების ჭარბი რაოდენობის გამო მცირდება. მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემის შესახებ წლებია იცის, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
ახალციხეში 2021 წელი გიორგი ბრწყინვალის ძეგლის გახსნით დასრულდა. ქალაქის ცენტრში, თამარაშვილის ქუჩაზე მეფე გიორგი ბრწყინვალეს მონუმენტი 24 დეკემბერს გახსნეს. ძეგლის შესარჩევ კონკურსში 13 ესკიზი წარადგინეს, საკონკურსო კომისიამ მოქანდაკე კახა არუნაშვილის ნამუშევარი შეარჩია. ძეგლი 7 მეტრიანია, აქედან 3.5 მეტრი ბრინჯაოს მონუმენტია. გიორგი ბრწყინვალეს დედა ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ის მესხეთში პაპასთან, ბექა ჯაყელთან გაიზარდა. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ახალციხეში გიორგი V-ს ძეგლი დაედგათ.
ღიმილისმომგვრელია შემდეგი ამბავი. ასპინძის საკრებულომ არც მეტი და არც ნაკლები ძაღლის და კატის ყოლის წესი განსაზღვრა. 11 ივნისს, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს; მათ შორის იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი,კატა) ყოლის წესის“ შესახებ კანონი. დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.ყველაზე მოვლილი პირუტყვი, ამ სახელწოდებით ადიგენში სილამაზის კონკურსი ჩატარდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. მთაში, საზაფხულო საძოვრებზე წასვლის წინ, ფერმერებმა პირუტყვი მოსართავებითა და საღებავებით გაალამაზეს. რამდენიმე ათეული წელია ადგილობრივები ამ ტრადიციას მისდევენ, ეს მათთვის სიახლესთან, სიხარულთან და ზეიმთან ასოცირდება. პროექტ "კავკასიური რძეს" ფარგლებში, ფერმერთა ასოციაცია "ერთობა" და GBDC - "კავკასია ახალციხის ოფისის" ტექნიკური ჯგუფი ფერმერებს ტრადიციის შენარჩუნებაში ეხმარება. მათთვის მოტივაციის ასამაღლებლად კი ჩატარდა კონკურსი, სადაც გამოვლინდა ყველაზე კარგად მოვლილი და მორთული პირუტყვი, ფერმერებს კი ასოციაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.აღსანიშნავია უნიკალური შემთხვევაც, რომელიც ახალციხეში განმეორდა - წინუბანში მწვანე ლეკვი დაიბადა. სოფელ კიდევ ერთ მწვანე ლეკვს "შრეკი" დაარქვეს.არ უნდა დაგვავიწყდეს სპორტული მიღწევებიც. სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ ერეკლე II-ის თასი მოიპოვა. 20 აპრილს, „ტაო“ თელავის „ჭადარს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 71:14, მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. დღეს "ტაომ" უკვე მეხუთედ, ერეკლე II-ის გარდამავალი თასი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მესხმა მორაგბეებმა ერეკლე II-ს თასი 21 მარტს თელავში, სარაგბო კლუბ „ჭადართან“ დაპირისპირებისას მოიპოვეს. შეხვედრა ანგარიშით 42:28 მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.მიმოხილვას ყველაზე პოზიტიური ამბით დავასრულებთ. ახალციხეში, კორონავირუსისგან 105 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალციხის კოვიდკლინიკიდან 105 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. თამარა ჯვარიძე კლინიკა "იმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღე მკურნალობდა. ექიმების თქმით, კლინიკაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მკურნალობას დაექვემდებარა და ახალციხელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.
გააზიარეთ :