საზოგადოება
წარმატებული ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთიდან
წლევანდელი წელი, გამორჩეული ახალციხელი ახალგაზრდების მიღწევებითაც იყო.
საამაყო ახალციხელი ლელა ოქრომელიძე Forbes Georgia-ს 30 Under 30 ერთ-ერთი რჩეული გახდა. Forbes Georgia-მ 30-წლამდელთა რეიტინგი გამოაქვეყნა. ჟიურის რჩეულთა შორისაა ლელა ოქრომელიძე, რომელიც აშშ-ში, კლინიკა მაიოს (Mayo Clinic) მკვლევარია რადიოლოგიის დარგში.
2021 წლის მთავარ მიღწევად, საქველმოქმედო ორგანიზაციის „ერთად შევძლებთ“ გაძლიერებას მიიჩნევს მისი დამფუძნებელი ბიბი გოგოლაძე. მისი თქმით, წელს 100-ზე მეტი ოჯახის დახმარება შეძლეს და გაჭირვება შეუმსუბუქეს.2021 წელს, წინა წლებთან შედარებით, 15%- ით მეტმა ოჯახმა მიიღო ორგანიზაციისგან დახმარება. ბიბი ოთხი წელია ზრუნავს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, WBA-ს სახეობაში ჩემპიონის ტიტული ოთარ ერანოსიანმა მოიპოვა. ახალქალაქელმა მოკრივემ 58 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. მისი მეტოქე ჩილელი სპორტსმენი ხოსე ელისეო არგელი იყო. ბრძოლა 10 რაუნდისგან შედგებოდა, რომლის დროსაც ოთარმა გაიმარჯვა ანგარიშით - 100/90, 100/90, 99/91. ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ რინგზე მეათე გამარჯვება მოიპოვა. ის სპორტულ კარიერას 2019 წლიდან აშშ-ში აგრძელებს.
„შესანიშნავი იყო სტატიკაში და შერკინებაში, ძალიან კარგი იყო ღია თამაშში, რამდენჯერმე შესანიშნავად წაიღო ბურთი და საკმაო მანძილი მოიგო, ასევე მშვენივრად შეასრულა შავი სამუშაო, დროული იყო რაქებში გადაყრაზე და დაცვაშიც საიმედო გახლდათ“, - ასე შეაფასეს მესხი მორაგბის თამაში სპორტულმა ჟურნალისტებმა. გიორგი მელიქიძე საქართველოს ნაკრების და საფრანგეთის გუნდ„სტად ფრანსეს" წევრია. მას ეროვნული ნაკრების მაისურით 27 შეხვედრა აქვს გამართული და 3 ლელოს გატანაც შეძლო.
ნინო ინასარიძე ახალციხელი ახალგაზრდაა, რომელმაც ლიეტუვაში და ლატვიაში დაამთავრა ორმაგი ხარისხის დიპლომით მაგისტრატურა - გარემოს დაცვის მეცნიერებისა და ინჟინერიის განხრით. შემდეგ სასწავლო პრაქტიკებით ერთი წლის მანძილზე იტალიასა და პორტუგალიაში ცხოვრობდა. პრაქტიკების შემდეგ ისევ ლიეტუვაში დაბრუნდა, ლიეტუვურ ენას კარგად ფლობს, რამაც უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია გაუმარტივა.
ნინო ამჟამად პირველადი პროფესიით გარემოს დაცვის სექტორში მუშაობს, ხოლო მეორე სამსახური ლიეტუველებისა და ქართველების მეგობრობის საელჩოა. ნინოს თქმით, ეს ის პლატფორმაა, სადაც შეუძლია საკუთარი იდეების რეალიზება და ორ მეგობრულ ქვეყანას შორის ხიდების შენება.
წლის მიღწევად, მათი და გიორგი კეკელიძის პარტნიორობით ლიეტუვის მთავარ ბიბლიოთეკაში, 100 ქართული წიგნს განთავსებას მიიჩნევს. ახლა ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველებს საშუალება აქვთ მშობლიურ ენაზე იკითხონ წიგნები.
ამალია აივაზიანი ახალქალაქში ცნობილი ვიზაჟისტი და მანიკიურის სპეციალისტია, 13 წლიანი გამოცდილებით. პროფესიით იურისტმა, რუსეთიდან, 13 წლის წინ, კარიერა მანიკიურით დაიწყო. 2021 წლის მთავარი მიღწევა კი საახალწლო “ტაში-შოუზე”, რომელიც რუსეთში, კრემლის სასახლეში ყოველწლიურად იმართება, მონაწილეობის მიღება იყო.
კიდევ ერთი წარმატებული ახალციხელი ახალგაზრდა, გიორგი ჩილინგარაშვილია. გიორგი ამერიკის ჯარში 5 წელია ოფიცრად მსახურობს. 2021 წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან უფროსი ლეიტენანტის და ქვეითთა ოცმეთაურის წოდება დაიმსახურა.
ბარბარე შონია მეორე კლასელია და უკვე საქართველოს ჩემპიონია. გოგონა ჭადრაკს სამი წლიდან თამაშობს. პირველი წარმატება „ნონა გაფრინდაშვილის“ სახელობის ტურნირზე მოიპოვა, სადაც თამაში მასზე უფროსი ასაკის ბავშვებთან მოუწია.
მორიგი გამარჯვება დედას მიუძღვნა ახალქალაქელმა სპორტსმენმა ნაირ მელიქიანმა, რომელიც თავის წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. პირველი მეტოქე ბრძოლის დაწყებიდან პირველ წუთზე დაამარცხა, მეორემ კი ბრძოლაზე უარი თქვა. სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში საერთაშორისო ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში MMA 2021 გაიმართა.
გააზიარეთ :