საზოგადოება
მიტარბის ტრასის გაჩერების მიზეზების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დღეს, 7 თებერვალს ბაკურიანში ჩავიდა და არსებულ ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნო. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგიროს გაჩერების მიზეზების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
„შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სექტორის პროფესიონალებით. ჯგუფი მოკლე ვადაში მოახდენს გუშინდელი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, რასაც მოყვება შემდგომი რეაგირება. ეკონომიკის სამინისტრო მონიტორინგს ვუწევთ ამ პროცესს და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს ბაკურიანში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ტურისტულ სეზონზე უნდა განვაგრძოთ მაღალი სტანდარტებით შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მომსახურება და მასპინძლობა ჩვენს ზამთრის კურორტებზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" (ემთიეი) დირექტორის მოადგილის, თეიმურაზ გამცემლიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს შეფერხება - პროცესში, ქართული მხარის გარდა, ჩაერთვნენ ევროპელი სპეციალისტები.
„საბაგირო დღეს უკვე მუშაობს და დამსვენებლებს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, დროულად შევისწავლოთ, რატომ გამოირთო აღნიშნული ტექნიკა ავარიულად, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები", - აღნიშნა თეიმურაზ გამცემლიძემ.
ეკონომიკის მინისტრის დავალებით ბაკურიანში დღეს ასევე იმყოფებოდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბეგლარ კაპანაძის განცხადებით, დეპარტამენტი მაღალკვალიფიციურ კადრებთან, ელექტროსისტემების ექსპერტებთან ერთად აწარმოებს მოკვლევას ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, შედეგად, მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ანგარიში საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
მიტარბის საბაგირო გუშინ, 6 თებერვალს გაჩერდა, მასზე მყოფი 30-მდე ქართველი და უცხოელი დამსვენებლის ევაკუაცია ორ საათში განხორციელდა. მიტარბის მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობდნენ კოხტას და დიდველის მოთხილამურე მაშველებიც. მათი თქმით, მუშაობა რთულ პირობებში, გაუკვალავ თოვლში მოუხდათ.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ საბაგიროს ავარიულად გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. ამ დროს ელექტრო დეტალი დაზიანდა, რამაც საბაგიროს ბლოკირება გამოიწვია, რასაც არ ეთანხმება ენერგო პრო - ჯორჯია.
გააზიარეთ :