ნინოწმინდის პანსიონიდან 15 -მა აღსაზრდელმა მთაში დაისვენა - ლომჯარია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დაახლოებით 15 აღსაზრდელია, რომელთაც პანსიონი წელს პირველად დატოვეს და მთაში დაისვენეს.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის საბოლოო მიზანი ისაა, რომ თითოეულმა აღსაზრდელმა ეს პანსიონი დატოვოს, ხოლო მანამდე ომბუდსმენის აპარატი იქ არსებულ ვითარებას რეგულარულად აკვირდება.
„დეკემბრის ბოლოს წარმოვადგინეთ ჩვენი ანგარიში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბოლოს დაახლოებით 15 აღსაზრდელი იყო. მას შემდეგ ვითარება არ შეცვლილა, თუმცა იქ არსებულ პროცესს ზედამხედველობას რეგულარულად ვუწევთ. ვიცით, რომ ზამთრის პერიოდში ბავშვები წაიყვანეს მთაში დასასვენებლად, რაც ამ ბავშვებისთვის პირველი შემთხვევაა - წლევანდელი წელი იყო პირველი, როდესაც მათ პანსიონი დატოვეს და მთაში გაატარეს დასვენების დღეები. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თითოეულმა ბავშვმა დატოვოს სივრცე, სადაც მათ და მათი თანატოლების მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ, ღირსებისშემლახავ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას. თუმცა, მესმის ისიც, რომ ბევრ სირთულესთანაა ეს დაკავშირებული, მათ შორის ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობასთანაც. საბოლოო მიზანი ეს უნდა იყოს, ხოლო მანამდე თითოეული ბავშვის მდგომარეობას და იქ არსებულ სიტუაციას ინტენსიურად ვაკვირდებით”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.