საზოგადოება
ახალქალაქში უკრაინელებს მხარდაჭერა მშვიდობიანი აქციით გამოუცხადეს
ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე, უკრაინისადმი სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია გაიმართა. შეკრებილი აქტივისტები უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ – „არა ომს!“
„აქ შეიკრიბნენ აქტიური მოქალაქეები, ვისაც გული შესტკივა და სურს სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინას. გვინდა, რომ ეს ომი შეაჩეროს რუსეთმა. ეს არის სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელმა, თეონა ზურაბაშვილმა.
სოლიდარობის აქცია აქტიური ახალგაზრდების ინიციატივით მოეწყო. რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად 40-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა შეიკრიბა.
„ჩვენ ომის წინააღმდეგნი ვართ და გვინდა, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები, რაც შეიძლება მალე შეჩერდეს, რადგან ამ ყველაფერს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაურკვეველია, როდის დასრულდება საომარი მოქმედებები, რადგან იქმნება საკვების, სამედიცინო საშუალებების და ა.შ უკმარისობა. რათქმაუნდა, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ სოციალურ პლატფორმასთან და მზად ვართ დავეხმაროთ ომში მყოფ ადამიანებს. რატომ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას? იმიტომ, რომ იქ, ამჟამად სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და მთლიანად მშვიდობიანი მოსახლეობა“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი მეტრეველმა.
„დღევანდელი აქცია ახალქალაქში ეძღვნება იმის, რომ არ იყოს ომი, შეწყდეს ეს სისხლისღვრა. ჩვენ გვინდა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის ორგანიზაციის დირექტორმა, მახარე მაცუკატოვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მხარდამჭერი აქციები 24 და 28 თებერვალს გაიმართა ახალციხეშიც.
წყარო: Jnews.ge
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :