საზოგადოება
რამდენად არის დამოკიდებული საქართველო რუსულ გაზსა და დენზე?
სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში 2021 წელს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი 15% იყო, ხოლო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 7%-ს შეადგენდა.
როგორც მან ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რუსეთთან „მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს“ .
„2019 წელს 2.6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იყო მოხმარებული, საიდანაც რუსეთიდან შემოტანილი იყო მხოლოდ 162 მილიონი. ჯამურად, ჩვენი მოხმარების 6%-ია. 2020 წელს მოხმარება თითქმის იგივე იყო, ჯამში მოხმარების 8%. წლების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 10%-ს არ აღემატება, 90%-ზე მეტ ბუნებრივ აირს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, სხვა წყარო გამომდინარე ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან და მეზობლების ხელთ არსებული რესურსებიდან არ გვაქვს. 2021 წელი ოდნავ განსხვავებული იყო, 15% იყო რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ჩვენს მოხმარებაში თუმცა ამის გამომწვევი იყო ის ფაქტი, რომ 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში აზერბაიჯანში გაზსადენზე ჰქონდათ ავარია და მოხდა ტექნიკური ხარვეზი მიწოდებაში. როგორც კი ეს ავარია აღმოიფხვრა ისევ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს ეს მაჩვენებელი, ამდენად რუსეთზე ბუნებრივ აირზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს”, - განაცხადა ნარმანიამ.
მან ისაუბრა ელექტროენერგიის იმპორტზეც, როგორც დავით ნარმანია აცხადებს, მთლიანი იმპორტი იზრდება.
“რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, მთლიანი იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება. 1.5 მილიარდიდან 2 მილიარდამდე, საიდანაც ჩვენი მოხმარების 7% იყო რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგია. ამ სტატისტიკაში ასევე გათვალისწინებულია ოკუპირებული აფხაზეთისთვის ზამთრის თვეების განმავლობაში ელექტროენერეგიის იმპორტი, რომელიც 4-ჯერ უფრო მეტია ვიდრე საქართველოსთვის შემოტანილი იმპორტი. გარდა რუსეთისა ელექტროენერგია შემოგვაქვს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ეს ციფრები არის ღია და საჯარო, ამიტომ მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს, მე როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი სულაც არ ვისურვებდი დამოკიდებულებას, მაგრამ გვაქვს ჩვენი გეოპოლიტიკა და სამეზობლო, რომელშიც ფასები ხშირად იცვლება. ვის რომელ თვეს რა ღირებულება ექნება, ამაზეც დამოკიდებულია რომელი ქვეყნიდან წამოვიღებთ იმპორტს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, აშშ-მა რუსულ ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ნახშირზე უარი თქვა. დიდი ბრიტანეთი კი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას 2022 წლის ბოლომდე გეგმავს.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :