საზოგადოება
"ალტ-ინფოს" მიერ დაარსებული პარტიის წინააღმდეგ ახალციხეში აქცია იგეგმება
ახალციხელი ნიკოლოზ ბეგიშვილი "ალტ-ინფოს" მიერ დაარსებული პარტიის "კონსერვატიული მოძრაობის" წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში აქციას აანონსებს. მისი თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ პარტიის წევრები საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ და ჟურნალისტებს ემუქრებიან. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებას შეკრებას 20 მარტს, 14:00 საათზე, პარტიის ოფისთან სთავაზობს.
"არის ასეთი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“, რომლის მესვეურები თავს უფლებას აძლევენ დაემუქრონ ჟურნალისტებს, შეურაცხყოფა მიაყენონ მოქალაქეებს და ქართველი ხალხის სახელით მოლაპარაკებაზე წავიდნენ ქვეყნის მტერთან რუსეთთან (ტერორისტ სახელმწიფოსთან). ჩემთვის, რიგითი ახალციხელისთვის მიუღებელია მსგავსი კოლაბორაციონისტები და ქვეყნის მოღალატეები საუბრობდნენ ხალხის სახელით, ასევე ისინი აგრძელებდნენ პოლიტიკურ საქმიანობას მაშინ, როცა მათი მოქმედებებით/მოწოდებებით მუდმივად ირღვევა კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.
აქედან გამომდინარე, კვირას 20 მარტს 14:00 საათზე ვიკრიბებით მათ პარტიულ ოფისთან (მე-5 სკოლასთან) რათა დავაფიქსიროთ ჩვენი, ახალციხელების პოზიცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მათი მხრიდან მოსალოდნელი იქნება პროვოკაციის მოწყობა და არ ავყვეთ" - წერს ნიკოლოზ ბეგიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "კონსერვატიულმა მოძრაობამ" ოფისები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში გახსნა. 16 მარტიდან მათ ოფისი უკვე ადიგენშიც აქვთ.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :