დღეს გეოლოგიის პროფესიული დღე აღინიშნება
დღეს, 4 აპრილს გეოლოგიის პროფესიული დღეა. პირველი გეოლოგიური სამუშაოები საქართველოში 180 წლის წინ, 1841 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს საქართველოში სისტემური გეოლოგიური კვლევები, რომელიც დღემდე გრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი გეოლოგიის დეპარტამენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მიმართულებაა, რომელიც ახორციელებს გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგს, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში ტერიტორიის ოპერატიულად შეფასებას, სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას, გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებას, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენას და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგს.
საქართველოს მასშტაბით, გეოლოგიური მონიტორინგის კუთხით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, ხდება დარგის ტექნიკური და მატერიალური გადაიარაღება.
2020 წელს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, მომზადდა 400-ზე მეტი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, შეფასდა 1100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, გამოიცა კახეთის მხარის გეოლოგიური რუკები, შესაბამისი ანგარიშით.
საქართველოში გეოლოგიის დღე 1965 წლიდან აღინიშნება.