ელისო თათეშვილის გუნდის იდეისთვის აუქციონზე 10 000 ლარი შეგროვდა
ახალციხის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრმა "იდეების აუქციონზე" გაიმარჯვა. გუნდის იდეამ აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. მის განსახორციელებლად კი 10 000 ლარი შეგროვდა. ცენტრის ხელმღვანელის ელისო თათეშვილის თქმით, თანხა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სომხურენოვანი ქცევის თერაპევტის გადამზადებას მოხმარდება.
"იდეების აუქციონი" 19 მაისს გაიმართა და სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ჯამში სამივე გუნდს აუდიტორიამ 20 900 ლარი შეუგროვა.
,,ინტერნეტ და მედია სივრცეებში არსებული მრავალი ინფორმაციისა აუტისტური სპექტრის აშლილობის და ასევე სხვა დარღვევების შესახებ, ვფიქრობთ, რომ საჭიროა მშობლებამდე მეტი ინფორმაცია მივიდეს. ასევე ვფიქრობთ, რომ საჭიროა სომხურენოვანი ქცევითი თერაპევტი გვყავდეს ჩვენს ცენტრში, რათა სრულფასოვანი მომსახურება შევძლოთ სომხურენოვანი მოსახლეობისთვის. თანხა სწორედ რეგიონის საინფორმაციო აქტივობებში და თერაპევტის გადამზადებაში დაიხარჯება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და მადლობა ორგანიზატორებს ამისათვის. წარმატებას ვუსურვებ ჩემს თანამებრძოლებს თავის მნიშვნელოვან საქმეში.
შეგროვებული თანხა ძალიან მოულოდნელი იყო. დავინახე ადამიანების დიდი თანადგომა და სიკეთე ნამდვილად გადამდები ყოფილა", - ამბობს ელისო თათეშვილი.
"იდეების აუქციონის" ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრია. ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა.
აუქციონი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით განხორციელდა.
ფოტო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი