საზოგადოება
სახლი სადღა მაქვს? - ხანძრის შემდეგ, ამბარცუმ ბაბოიანის ოჯახი ღამეს ახლობელთან ათევს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ამბარცუმ ბაბოიანი ოჯახთან ერთად, საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ღამეს ახლობელთან ათევს. მისი თქმით, ორსართულიანი შენობა ცეცხლმა თითქმის მთლიანად გაანადგურა. შემთხვევის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
"გამოძიების პასუხი ჯერ არ არის. ველოდებით. ასე მალე არა მგონია რომ იყოს... სახლისგან არაფერი დარჩა. რაღაცა იქნება. ღმერთი საშუალებას მომცემს და გავაკეთებ. დროებით სხვის სახლში ვცხოვრობ", - ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი.
დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 დღიანი ყოფნის შემდეგ, დეპუტატი მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. ამბობს, რომ მდგომარეობიდან ახლა გამოდის.
"მკურნალობა გრძელდება, მაგრამ უკვე გამოვდივარ მდგომარეობიდან. სამსახურშიც დავდივარ ხანდახან, როცა ძალიან დიდი სიცხე არ არის", - აღნიშნავს "მეცხრე არხთან" ბაბოიანი.
შეგახსენებთ, რომ ამბარცუმ ბაბოიანი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავდა. იგი ცეცხლმოდებულ შენობაში მეუღლისა და შვილის გამოსაყვანად შევიდა. მას სხეულის 40% ჰქონდა დამწვარი. ექიმების შეფასებით, დეპუტატმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ხანძარი ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე 10 ივნისს გაჩნდა. დამწვარია ამბარცუმ ბაბოიანის კუთვნილი ორსართულიანი სახლი.
გააზიარეთ :