ვინ მიიღებს ფულად დახმარებას 1-ლი აგვისტოდან
2022 წლის 1 აგვისტოდან დედაქალაქის მერია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში საომარი მოქმედებების გამო ჩამოვიდნენ, საცხოვრისით აღარ უზრუნველყოფს. მერიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სანაცვლოდ, ფულად დახმარებას მიიღებენ.
მერიაში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედეს სპეციალური პროგრამა – საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართეს, დედაქალაქის მერია ათავსებდა სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.
მერიაში ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროშია დაბინავებული.
დედაქალაქის მთავრობის ცნობით, ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს. მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს.
ამას გარდა, მერიაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.
თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს.