საზოგადოება
აზარტული თამაშების აკრძალულ პირთა სიაში 1 449 124 ადამიანია შეყვანილი
,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები ძალაში შევიდა. 1-ელ მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907.
2022 წლის 1 მარტიდან, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 8³ მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად: აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება. დასაშვები გახდა მხოლოდ:
- იმ ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
- იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
- სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;
- საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
გააზიარეთ :