საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა
2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით (4.4%) გაიზარდა და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით (18.3%) შემცირდა და 281.6 ათასი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%) გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.
"უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.
2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით," - აღნიშნულია ინფორმაციაში.