ბორჯომში, ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
ქვაბისხევი-ზორეთის ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
თემის რწმუნებულის ცნობით, ცეცხლის ქრობა ღამით, ნაკლები ხილვადობის და ქარის გამო გართულდა, თუმცა მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორია არის კლდოვანი და მიუვალი, რის გამოც ტექნიკის ადგილამდე მიყვანა ვერ ხერხდება.
ხანძრის ქრობის პროცესში ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან დამატებითი ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.
ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხანძარი გუშინ, 20 აგვისტოს, სავარაუდოდ, 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"