საზოგადოება
ახალციხეში აუზის მშენებლობას შპს "არალი" გააგრძელებს
ახალციხის აუზის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია შპს “არალმა" მიიღო, შესაბამისად ტენდერის სავარაუდო გამარჯვებული და სამუშაოების შემსრულებელიც ეს კომპანია იქნება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაწყებულიყო და კონტრაქტის მიხედვით 18 თვეში დასრულდებოდა. ტერიტორია ასპინძის ქუჩაზე 10 257 კვ.მ. ფართობს მოიცავს.
კომპლექსის ასაშენებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. მისი სავარაუდო ღირებულება 11 მლნ. 604 343 ლარი იყო. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა. პროექტით გათვალისწინებული იყო საცურაო აუზების და ტრენაჟორების მოწყობა. მისი მიხედვით, დახურული აუზის სიგრძე 33 მეტრი იქნება, სიგანე 25 მეტრი, სიღრმე 2-2,4 მ. შედარებით მცირე ზომისაა საბავშვო აუზი. 8 მ. 16 მეტრზე.
გარდა ამისა, კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელი, ადმინისტრაციის შენობა. ასევე დაგეგმილია კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის დარბაზების მოწყობა.
აუზისა და სპორტკომპლექსის ასაშენებლად ტერიტორია ჯერ კიდევ 2018 წელს შეირჩა. პროექტის შესაძენად ტენდერი 2019 წელს, ორჯერ გამოცხადდა. ამავე წლის მარტში ახალციხის საკრებულომ, აუზის ტერიტორიაზე ავარიული შენობის დემონტაჟზე მერიას უარი უთხრა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალური განვითარების ფონდს სამი წლის განკარგვის უფლებით გადაეცა.
გააზიარეთ :