ტყეში სათბობი შეშის მოპოვებას მოსახლეობა 2026 წლამდე შეძლებს
ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპორექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება.
„პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება ტყის მართვის ორგანოებისთვის იმ ვალდებულების გადავადებას, რომლის მიხედვითაც ტყის მართვის ორგანოებს უნდა ჩაენაცვლებინათ არსებული სოციალური ჭრების პრაქტიკა და მოქალქეებს მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან შეძლებოდათ სათბობი მერქნული რესურსის შეძენა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე ახორციელებს საქმიანი ეზოების პროექტის ფარგლებში მერქნული რესურსის რეალიზაციას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ხე-ტყის დამზადების უფლება და აღნიშნული პრაქტიკა დინამიკაში უკვე მზარდი პროცესია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში მითითებული ვადა გადაიწევს 2026 წლამდე, სატყეო სააგენტო ინტენსიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მეთოდურად რეგიონებში ნელ - ნელა შეიცვლება სათბობი შეშის მოპოვების პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემს ერთის მხრივ ტყის მართვის ორგანოებს მომზადებულნი შეხვდნენ 2026 წელს, ხოლო მოსახლეობაში უფრო ამაღლდება ცნობიერება და ინფორმაციულობა ამ კუთხით და შესაბამისად, ორივე მხრიდან იქნება ახალმოდელზე გადასვლის მზაობა დათქმული თარიღისათვის,“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.