ერთ თვეში საარსებო მინიმუმი გაიზარდა
2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 253.9 ლარი იყო.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 31,4 ლარით არის გაზრდილი. გასული წლის ნოემბერში საარსებო მინიმუმი 223.7 ლარს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 224.9 ლარის ნაცვლად, 226 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 198.1 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.