სამხედრო სამსახურში გაწვევა მღვდელთმსახურის სტატუსის გამო 36 772 ადამიანს გადაუვადდა
მღვდელთმსახურის სტატუსის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 2.5 წელიწადში 36 772 შემთხვევაში გადავადდა. ამის შესახებ პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიასთვის თავდაცვის სამინისტროდან სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.
კერძოდ, უწყების ცნობით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ისარგებლა - 10 344 წვევამდელმა. მომდევნო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 12 637 წვევამდელმა. მათ შორის კონფესიების მიხედვით: მართლმადიდებლური - 8; მუსლიმური - 4; იეჰოვას მოწმეები - 103; სსიპ - საერთაშორისო ლაზურ-ხალიბური კატაკომბური თემი - 636; საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლება („გირჩის“ ეკლესია)- 11 876; სხვა - 10.
რაც შეეხება გასულ 2022 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია მოიცავს 3 ივნისის მდგომარეობით, არსებულ სიტუაციას. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ისარგებლა 13 791 წვევამდელმა. მათ შორის კონფესიების მიხედვით: მართლმადიდებელი - 2; მუსლიმური - 5; იეჰოვას მოწმეები - 101; სსიპ - საერთაშორისო ლაზურხალიბური კატაკომბური თემი - 943; საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლება - 12 724; სხვა - 16.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტით, დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტით, გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება.